Georgian Abstract: 21-ე საუკუნეში ბიზნესი ციფრული ტექნოლოგიებით მართვადი სისტემა გახდა, რომელსაც მომხმარებელთა ქცევასა და შრომის მწარმოებლურობაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია. ახალ ინფორმაციულ ერაში ინტერნეტის გამოყენება გლობალიზაციის თვალსაჩინო მაგალითია. თანამედროვე ეკონომიკაში ელექტრონული პლატფორმები გვთავაზობენ ინფორმაციის უწყვეტ გავრცელებას, მომხმარებლებთან ინტერაქტიულ კომუნიკაციას და ტრანსაქციების განხორციელების ციფრულ სისტემებს. გატარებული ცვლილებების პარალელურად, ციფრული რევოლუციის პირობებში, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ბანკების ელექტრონული ტრანსფორმაციაც აუცილებელი გახდა, ვინაიდან თანამედროვე ტექნოლოგიებს ინფორმაციის გამოყენების პროდუქტიულობის, პერმანენტულობისა და გამჭვირვალობის ზრდის უნარი გააჩნია. ნაშრომში გამოვლენილია ციფრული მარკეტინგის ის ძირითადი თავისებურებები, რომლებიც საბანკო სექტორში კომპანიების წარმატებას განაპირობებს. საფინანსო ინდუსტრიაში ციფრული არხების გამოყენება დღითიდღე იზრდება და, ქვეყნების განვითარების დონის მიუხედავად, ყველგან მზარდი ტენდენციით ხასიათდება. სტატიაში წარმოდგენილია ციფრული საბანკო მარკეტინგის სტრატეგიებისა და შესაძლებლობების ანალიზი, რომლებიც ბიზნესის ცვალებად გარემოში მომხმარებელთა მოზიდვის შეუცვლელი პირობაა. ნაშრომში გამოკვეთილია სოციალური მედიის როლი საბანკო ინდუსტრიაში ინდივიდუალური შეტყობინებების ფორმირებისა და მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგებული პროდუქტის შექმნის პროცესში. მეორადი მონაცემების შესწავლის საფუძველზე ყურადღება გამახვილებულია მობილური მარკეტინგის როლზე ციფრულ საბანკო მარკეტინგში. აღნიშნულია, რომ მობილური მარკეტინგი მომხმარებლისათვის საბანკო ოპერაციების განხორციელებას ამარტივებს. სტატიაში გამოკვეთილია COVID-19-ის პანდემიის პერიოდში საბანკო ინდუსტრიაში ციფრულ სერვისებზე გადართვის მნიშვნელობა, აგრეთვე ციფრული არხების გამოყენების მაჩვენებლები, მობილურ ბანკინგში მომხმარებელთა ჩართვის დონე და სამომავლო პროგნოზები. ნაჩვენებია, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში ბანკებისათვის მთავარი საკითხია მომხმარებელთა ნდობის განმაპირობებელი მაჩვენებლების გამოვლენა. ნაშრომში წარმოდგენილია უახლესი სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც, COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მომხმარებელთა ქცევის ძირეულ მახასიათებლებზე აისახა. მეორადი მონაცემების ანალიზის შედეგად სტატიაში დადგენილია, რომ სმარტფონების აქტიურმა გამოყენებამ ონლაინ რეკლამის მნიშვნელობა გაზარდა, რაც მომავალშიც შენარჩუნდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩამოყალიბებულია ის ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც საფინანსო კომპანიებმა წარმატების მისაღწევად უნდა გაითვალისწინონ და თავიანთი ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, სწორედ, პოპულარული ციფრული პლატფორმების მიმართულებით მოახდინონ. ნაშრომის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად წარმოჩენილია მსოფლიოში კრიპტოვალუტის გაზრდილი მოხმარება, რასაც მომხმარებლებში მისი პოპულარობის მკვეთრი მატება განაპირობებს. აქედან გამომდინარე, სტატიაში ნაჩვენებია, რომ თუ ტექნოლოგიური კომპანიები ციფრული ვალუტის გამოყენებას გააფართოებენ, ბანკების ფიზიკური მომსახურების ფორმები მოძველებული აღმოჩნდება და საბანკო პროდუქტების პოპულარიზაციის ერთადერთ გზად სწორედ ციფრული მარკეტინგი დარჩება